ეკლესიის წევრები ბორდოში გადაღლილი მეხანძრეებისთვის წყალს ამარაგებენ. ამ მიზნით სწრაფად მოიძებნა სატრანსპორტო საშუალებები და კონტეინერები.
კათოლიკური არასამთავრობო ორგანიზაცია Fundación Madrina-ს მოხალისეები, რომლებიც ტყის ხანძრების გამო იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხმარებიან, „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის“ მიერ მოწოდებულ სურსათს ანაწილებენ. Madrina -მ არაერთხელ გამოხატა მადლიერება ეკლესიის სწრაფი რეაგირებისთვის.
მოხალისეები მეხანძრეებს საფრანგეთის ჟირონდის რეგიონში ტყის ხანძრის კერების ჩაქრობაში დაეხმარნენ. ბორდოს რეგიონის სამი სამრევლოს მოხალისეები ადგილობრივ სამაშველო სამსახურებთან ერთად მუშაობდნენ და ხანძრებთან ბრძოლის პროცესში მოსახლეობას პრაქტიკულ დახმარებას უწევდნენ.
მოხალისეები ლორმონის სამლოცველოს ავტოსადგომზე წყლის ავზებს, ტუმბოებსა და აღჭურვილობას ამზადებენ, ვიდრე ტყის ხანძართან ბრძოლაში დასახმარებლად გაემართებიან. ლორმონის ეკლესიის შენობა მოხალისეებისა და ადგილობრივი ხელმძღვანელების საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა; აქედან კრიზისის დროს ევაკუირებულ პირებს ეხმარებოდნენ.
იმ დროს, როდესაც ტყის ხანძრები ქალაქ ბორდოსა და მის შემოგარენს უახლოვდება, ეკლესიის ხელმძღვანელებმა სწრაფი ზომები მიიღეს, რათა როგორც საკუთარი სახლებიდან ევაკუირებული მოსახლეობისთვის, ისე ხანძართან მებრძოლი მეხანძრეებისთვის დახმარება გაეწიათ.
ევაკუირებულთა განსათავსებლად, „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის“ ლორმონის სამლოცველოში სასწრაფო წესით მიმღები ცენტრი გაიხსნა. შენობა, ევაკუაციის შემდგომ პირველ ღამეებში, ღამის გასათევ ადგილს უზრუნველყოფდა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ხელსაყრელი ამინდის პირობებში, მეხანძრეებმა ხანძრის გავრცელების შენელების კუთხით, იმედისმომცემ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ცეცხლი კვლავ აქტიურია და მისი ლოკალიზება ჯერ არ მომხდარა. თუმცა, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია სიცხის კიდევ ერთი ტალღა, როდესაც ტემპერატურა 40°C-ს მიუახლოვდება და ქარიც გაძლიერდება, ამიტომ ვითარება კვლავ კრიტიკულია.
ეს უშუალოდ ეკლესიის სამ სამრევლოს შეეხო; მათ შორის, თითქმის მთლიანად იქნა ევაკუირებული ერთი მეურვეობა (ეიზინი). ეკლესიის დაახლოებით 200 წევრი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა; ისინი თანამორწმუნეებმა საკუთარ სახლებში შეიფარეს ან დროებით ლორმონის სამლოცველოში განათავსეს.
ეკლესიის რეაგირება ძირითადად საჭიროების სამ სფეროზე იყო მიმართული:
- ლორმონის სამლოცველოს თავშესაფრის, ღამის გასათევ და საკვებით უზრუნველსაყოფ ადგილად გადაქცევა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი სახლებიდან იქნენ ევაკუირებულნი.
- ახლომდებარე ორ სხვა მიმღებ ცენტრში მყოფი ევაკუირებულების საკვებით, ტანსაცმლითა და სხვა აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა. წევრები ეხმარებიან შემოწირულობების დახარისხებასა და დაუკმაყოფილებელი საჭიროებების გამოვლენაში, რათა დაზარალებულთათვის დახმარების მიწოდება უზრუნველყონ
- მეხანძრეების მხარდაჭერა წინა ხაზზე. ეკლესიამ შეიძინა რამდენიმე სატვირთო მანქანა, რომლებზეც წყლის დიდი ავზები დაამონტაჟეს მეხანძრეების დასახმარებლად. მრავალი ადამიანი დღეების განმავლობაში ხანძრებთან ბრძოლის შემდეგ გამოფიტულია.
რეგიონის ეკლესიის ხელმძღვანელები — მათ შორის რეგიონის პრეზიდენტი რუბენ ვ. ალიაუდი, რეგიონის სამოცდაათთა და კეთილდღეობისა და თვითუზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები, მხარს უჭერენ ბორდოს პალოს პრეზიდენტს ჟულიენ რავენოსა და ეპისკოპოს ტომ დარჟანს, რომლებიც ადგილობრივ საქმიანობას ხელმძღვანელობენ და კოორდინაციას უწევენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი, პიკთან შედარებით, ახლა თითქოს და უფრო სტაბილურია, უზარმაზარი დამწვარი ტერიტორიები, განადგურებული სახლები, მასობრივი ევაკუაცია და სიცხის მორიგი ტალღა იმაზე მიუთითებს, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ შორსაა დასასრულისგან, — განაცხადა პრეზიდენტმა ალიაუდმა. „გვსურს, ჩვენი წევრები მომზადებულნი იყვნენ“.
ადგილობრივი ხელმძღვანელები სიახლეებს აწვდიან ეკლესიის სათავო ოფისს.
რეგიონის მასშტაბით 225 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია ტყის ხანძრებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანგებო სიტუაციაა, რომლის წინაშეც საფრანგეთი ბოლო პერიოდში აღმოჩნდა.
ესპანეთში — დასავლეთი ევროპის კიდევ ერთ რეგიონში, რომელიც ტყის ხანძრებმა მოიცვა — ვითარება კვლავ სერიოზულია, თუმცა გაუმჯობესების მცირე ნიშნები შეინიშნება. მადრიდისა და ავილას მიმდებარე ტერიტორიებზე კრიზისის პიკზე 60 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული, თუმცა მრავალ მკვიდრს უკვე დართეს დაბრუნების ნება, რადგან ხანძრის რამდენიმე მასშტაბური ლოკალიზება მოხერხდა.
ეკლესია, ადგილზე მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ჰუმანიტარულ საჭიროებებს აფასებს.
ისევე როგორც საფრანგეთში, მომდევნო 48-72 საათი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სიცხის მორიგმა ძლიერმა ტალღამ — რომელსაც მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა და ცვალებადი ქარი ახლავს — შესაძლოა ხელახლა გააღვივოს არსებული კერები ან ახალი ხანძრები გამოიწვიოს.